მთავარი » სტატიები » ოქროს საწმისი

ადამიანის მოვალეობათა დეკლარაცია 1994წ. (პროექტი)

 


 

მუხლი 7. ყოველი ადამიანი მოვალეა _ იბრძოლოს პლანეტაზე მშვიდობის განმტკიცებისათვის. მშვიდობის მისაღწევად საჭიროა და მისაღებია კომპრომისები, თანამშრომლობის, კეთილი ურთიერთობების დამყარების, ყოველგვარი დაბრკოლებების და სიძნელეების გადალახვის მიზნით. ცნობილია, რომ მშვიდობის შემოქმედნი ღვთის შვილებად იწოდებიან.

 

მუხლი 8. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ ხელი შეუწყოს ქალთა ერთობას, როგორც დედამიწაზე კულტურის ახალი ეპოქის დამკვიდრების საწინდარს, სამყაროს ორსაწყისოვნების, ადამიანის ევოლუციის ამოსავალ წერტილს.

 

მუხლი 9. ყოველი მოქალაქე მოვალეა _ აღიქვას იერარქიის პრინციპი, როგორც ევოლუციის საფუძველი, როგორც ბუნების კანონი, გამოსახული ფორმაში _ მდაბალი ემორჩილება მაღალს. მას, ვინც ვერ აღმოფხვრა საკუთარ თავში მონა, მივმართავთ: იერარქია განსხვავდება დესპოტიისაგან, მონიბა და შეგნებული იერარქია სავსებით საპირისპირო მოვლენებია, რადგან არსებობს იერარქია ცნობიერების, იერარქია თავისუფლების, იერარქია ცოდნის, იერარქია ნათლის, სიწმინდის...

 

მუხლი 10. ყოველ ადამიანს აქვს თავისუფალი სიტყვის უფლება, მაგრამ ის ვინც მიიღებს მოვალეობათა დეკლარაციას, როგორც მოქალაქე, პასუხს აგებს მის მიერ საჯაროდ წარმოთქმულ ნებისმიერ სიტყვაზე, რადგან ბილწსიტყვაობა წყვდიადის დიდებაა. როდესმე მიხვდებით, რომ ნათქვამი და ნაფიქრი წარუშლელია. ასე მოდის კოსმიური არსი, რომელსაც მოაქვს ბედნიერი დრო, როცა შეგიძლია იფიქრო რაც გსურს და წარმოთქვა რასაც ფიქრობ.

 

მუხლი 11. ყოველი ადამიანი მოვალეა _ დაიცვას საკუთარი სამშობლო, _ ეს მისი წმინდა ვალია და ამასთან ერთად უნდა იცოდეს, რომ ბრძოლა სამშობლოსათვის არასოდეს მთავრდება. ბრძოლის ველია ყველგან, სადაც უმეცრებაა. ასეთ დროს გვმართებს შეუპოვრობა და სიმამაცე, რადგან ხშირად ხალხების ბედი სწორედ ასეთ ბრძოლაში იჭედება. ნებისმიერი გამარჯვება აზრის ნაყოფია.

 

მუხლი 12. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ იცოდეს საწყისი, რომელმც ჩამოაყალიბა მისი განსხვავებული და განუმეორებელი ეროვნული ხასიათი და ამ საწყისზე დაყრდნობით გააღვივოს ხელოვნებისადმი და მწერლობისადმი საკუთარი მისწრაფება. ჯერ როგორც მაყურებელმა ან შემფასებელმა, შემდეგ როგორც სულიერი საგანძურის შემოქმედმა, რომელიც სრულყოფს ცხოვრების ფორმებს, აღამაღლებს ადამიანებს, მათ გემოვნებასა და გონებას. ცხოვრების ფორმა ხომ სხვა არაფერია, თუ არა ერის სულიერი ანარეკლი.
მაშ ასე, ერის სულიერი ამაღლებისათვის ვეძიოთ ნათლის ფორმები და ნუ შეგვაშინებს ნათლის სიმცირე, რამეთუ დიდია ძალა მისი.

 

მუხლი 13. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ წინ აღუდგეს საკუთარი და სხვა ხალხის ღირსების შებღალვას, მათი ბუნებისათვის დამახასიათებელი ცალკეული ნამკიერი მხარის ეროვნულ ხასიათთან სრული გაიგივების მცდელობას.  ყოველი ადამიანი ვალდებულია ამოიცნოს გმირობა ერის ყოველდღიურობაში, სრულქმნილებისათვის ბრძოლასა და სწრაფვაში, რადგან ბრძოლა გმირისა და გმირობის გარეშე შეუძლებელია. ერს კი საკუთარი გმირისადმი თაყვანისცემა და სიყვარული ესაჭიროება, როგორც სულიერი საზრდო.

 

მუხლი 14. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ სრული პასუხისმგებლობით, ბრძნული თვალთახედვით მიუდგეს ქორწინებას, როგორც სულიერი ერთობის, სტიქიების შერწყმის აქტს, ამ უკანასკნელთა შეთავსებადობის გათვალისწინებით. მხოლოდ სტიქიათა შეთავსების დროს იძლევა ქორწინება სასურველ შედეგს _ სულიერად გაწონასწორებულ შთამომავლობას. სხვა შემთხვევაში გარდაუვალია უნაყოფობა, გადაშენება. ასეთი იქნება სტიქიათა კანონების იგნორირების შედეგი. დადგა დრო, როცა ამ კანონების გათვალისწინება წესად უნდა იქცეს ყველასათვის და არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დღეს სახეზეა მილიონობით ადამიანის მოუწესრიგებელი და უმართავი სულიერი ცხოვრება...

სწრაფვა და სიყვარული საპირისპირო საწყისებს შორის უნდა აღვიქვათ როგორც კოსმოსური კანონის, ყოვლისმომცველი სიყვარულის გამოხატულება და მასში ვეძიოთ იმის გამოვლინება, რაც მართავს შემოქმედებას და მაღალ ემოციებს. სწორედ ამ შემოქმედების გაღვიძებასა და გაღვივებაშია სიყვარულის არსი. სიყვარულშია შემოქმედების წყარო, მისი ძალა.

 

მუხლი 15. ყოველი ჩვენგანი ვალდებულია _ ამოიცნოს, დააფასოს, დაიფაროს ნიჭი, სათუთად მოუაროს მას, რადგან დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა სულიერი საგანძურის მფლობელთა მიმართ. დანაშაულია არ დავინახოთ, არ შევიცნოთ ნიჭი, რადგან იგი ეძლევა ადამიანს, რათა გაანაწილოს ეს სულიერი განძი მთელს კაცობრიობაზე. შევუქმნათ ნიჭს ყველა პირობა თვითრეალიზაციისათვის. ძლიერი ეკონომიკური კრიზისის ჟამსაც ვიზრუნოთ სულიერზე, რათა გავეცალოთ მძიმე მატერიალურ შეჭირვებას, რომელიც უძლურია სრულფასოვანი, ჯანსაღი სულიერების წინაშე.

 

მუხლი 16. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ აღზარდოს საკუთარ თავში გამბედაობა, სიმტკიცე, შემართება, მოქმედების სურვილი და უნარი, მიისწრაფოდეს ეპოქის უმთავრესი მიმართულების _ ურთიერთთანამშრომლობის გაფართოვებისაკენ. ვალდებულია საერთო საკაცობრიო ჰარმონიის ძიებაში თანამშრომლობა აქციოს ცხოვრების წესად და განავრცოს იგი ყველგან და ყველაფერში.

თანამშრომლობა არის ცხოვრების საფუძველი. მხოლოდ ყოვლისმომცველი კოოპერაცია განაპირობებს სახელმწიფოსა და ხალხის მიერ შექმნილის მიზანშეწონილ შეფარდებას. თანამშრომლობა ემყარება ოთხ ძირითად საფუძველს:

1.        ქალი უნდა გახდეს კულტურის მცველი;

2.        შესაფერისი ადგილი უნდა მოიპოვოს ხარისხოვანმა აზროვნებამ;

3.        შემოქმედებითი აზრი უნდა გაცნობიერდეს, როგორც ცხოვრების გარდამქმნელი ძალა;

4.        კომპრომისი უნდა გახდეს საპირისპირო პოზიციების გამაწონასწრებელი პრინციპი.

 

მუხლი 17. ყოველი ადამიანი ვალდებულია _  აღზარდოს საკუთარ თავში პასუხისმგებლობის გრძნობა და განავითაროს იგი დაუსრულებლად. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ არა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე, არამედ მათ წინაშეც, ვისაც ჩვენს შემდეგ ვტოვებთ. გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ცხოვრების უსასრულოდ ლამაზი ფენომენის წინაშე საფუძვლად დაედება ჩვენს ყოველ სიტყვას, აზრს, მოქმედებას. შევიკავოთ თავი მდაბალი აზრებისგან. მცირედი თავშეკავებაც კი დადებით შედეგს მოგვიტანს. რატომ უნდა ავავსოთ სივრცე მდაბალი აზრებითა და სიტყვებით? შეგვაძრწუნოს ჩვენს მიერ გამოთქმულმა ყოველმა მდაბალმა აზრმა. ასე უნდა ჩამოყალიბდეს აზროვნების ხელოვნება _ ეროვნული სიჯანსაღის ერთ-ერთი საფუძველი.

 

მუხლი 18. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ შეგნებულად გამოიმუშავოს მოთმინება და შემწყნარებლობა _ ყველაზე ძნელად მისაღწევი და ამიტომაც ადამიანის ხასიათის ყველაზე დასაფასებელი თვისებები.

 

მუხლი 19. ყოველმა ადამიანმა უნდა გაიცნობიეროს სიცოცხლის საფუძველი _ გული. გული და გულითადობა უპირველესი მიზანია, რადგან გონება თავისი განვითარებით იმდენად შორს წავიდა, რომ დახვეწა და განავითარა არა მარტო ცხოვრება, არამედ ძმათა სისხლისღვრის მექანიზმიც. გამოამწყვდია გული გულგრილობისა და გაუცხოების მარწუხებში. გულისა და გონების ჰარმონია, გულის გონება _ ცივილიზაციის ეპოქის ერთადერთი ღირსეული მონაპოვარია.

 

მუხლი 20. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ გაიცნობიეროს საკუთარი, როგორც მოაზროვნე არსების პასუხისმგებლობა და ჩაკლას საკუთარ თავში კაცთმოძულეობა, ალაგმოს მტრობა ყველგან და ყველაფერში, რადგან შეუძლებელია იყო გაბოროტებული და არ მოწამლო საზოგადოების ცნობიერება საზიზღარი, ბოროტი აზრებითა და მოქმედებებით.

 

მუხლი 21. ადამიანის უდიდესი მიზანია მარადიული სწრაფვა ახლებური აზროვნებისაკენ, ცნობიერების და აზრის განახლებისაკენ, რადგან ეს _ ეკონომიური, სამართლებრივი და მრავალი სხვა თვალსაზრისითაც ჩიხში შესული საზოგადოებრივი ცნობიერების განკურნების ერთადერთი გზაა. მის გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ევოლუცია.

 

მუხლი 22. ჩვენი ვალია აღვზარდოთ ბავშვებში ნათელი ოცნება და სიკეთის წარმოსახვისა და კეთების უნარი, რაც წმინდა ლოცვის ტოლფასია. ვალდებულნი ვართ მოვუაროთ მათ სულებს, რობორც მებაღე უვლის ყვავილებს, რათა მათ თვალებში არასოდეს ჩაქრეს სიხარული, ნათელი ღიმილი, მათში რეალიზებული ჩვენდამი რწმენის, იმედისა და სიყვარულის ნიშანი.

 

მუხლი 23. ყოველი ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს ბოლომდე მიიყვანოს თავისი საქმე და არაფერი გააკეთოს სანახევროდ. ხარისხიანად და დროულად დაასრულოს კარგი საქმე და მტკიცედ თქვას უარი ცუდ საქმეზე. არავის და არაფერს შეუშინდეს გარდა საკუთარი სინდისისა.

 

მუხლი 24. ყოველი ადამიანი ვალდებულია არ დათმოს საკუთარი ჭეშმარიტება და განთავისუფლდეს სხვისი აზრის ტყვეობისაგან, რომელიც უხილავი ბორკილებით ბოჭავს მას, აშორებს ჭეშმარიტებას. სხვისი აზრის ტყვეობიდან თავის დაღწევას მოაქვს საკუთარი ვალის აღსრულების თავისუფლება.

 

მუხლი 25. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ ესმოდეს, რომ ყველანი განვისჯებით ჩვენი საქმეების საფუძველზე. ამიტომ ჩვენი ზნეკეთილობის მრავალრიცხოვანი ე.წ. მოწმენი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ პირადი მაგალითია მოვალეობისადმი ჩვენი ერთგულების ერთადერთი და უტყუარი მაჩვენებელი.

 

მუხლი 26. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ დაიფაროს დამცირება-დაკნინებისაგან კულტურა და კაცობრიობის გონიერება _ სულის ეს ყველა უზენაესი გამოვლინება, რადგან სულიერი და გონებრივი განვითარების მდაბალ საფეხურზე ნადგურდება ყოველივე ის რაც საფუძველს უყრის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ეჭვქვეშ აყენებს თვით ცოდნას. ეს უდიდესი ფასეულობა იჩრდილება წარმავალი ფასეულობებით, იბღალება გონება და ზნეობა, კნინდება აზროვნება, ეცენა შეგნბა.

ვიცოდეთ, რომ მცირე ცოდნა ძირითადად უარმყოფელი და შემზარავად დოგმატურია.

 

მუხლი 27. მოვალეობის აღმსრულებელმა უნდა შეიძინოს ისეთი იშვიათი თვისება, როგორიცაა ნდობა, რადგან უნდობლობა ქმნის ძირითად სიძნელეებს თანამშრომლობის გზაზე. ნდობა სუფთა გულის მაჩვენებელია.

ნდობის გარეშე შეუძლებელია წინსვლა-განვითარება, რომელიც ღრმავდება გულისხმიერების მეშვეობით.

 

მუხლი 28. ყოველი ადამიანი მოვალეა _ ადამიანებთან საკუთარ ურთიერთობებს საფუძვლად დაუდოს მათი აზრისადმი პატივისცემა. ვალდებულია გამოიჩინოს უსაზღვრო მოთმინება და შემწყნარებლობა საერთო საკაცობრიო ოჯახის ყველა წევრისადმი. ესწრაფვოდეს ცხოვრებაში არა ფუჭი ოცნების, არამედ კონკრეტული იდეალების ხორცშესხმას; ცხოვრებაში კონკრეტული იდეალებით შეღწევასა და განმტკიცებას.

დროის ნაკარნახევი ამოცანების შესრულებისას ნუ შევუშინდებით დაბრკოლებებს. ამ ოცნების შესრულებაზე ჩვენი და შესაბამისად კაცობრიობის მომავალია დამოკიდებული. ყოველი ეს გადაწყვეტს ეთიკურ ნორმებს, ადამიანის სოციალური, ზნეობრივი იდეალებისა და მისი რეალური ცხოვრების ჰარმონიული შერწყმის პრობლემას.

 

მუხლი 29. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ განივითაროს ალთრუიზმი, როგორც შინაგანი სრულყოფის გარდაუვალი ეტაპი. ის ვინც ცხოვრობს სხვათათვის, რჩეული ხდება დედამიწის ბინადართა შორის. მისთვის სიხარულის ერთადერთ წყაროდ მარადიული ქმედება, მარადიული გაღება, მარადიული შეცნობა იქცევა.

 

მუხლი 30. ყოველი ადამიანი მოვალეა _ მტკივნეული, არაჯანსაღი სოციალური მოვლენების დროს გაიცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. იაზროვნოს და იმოქმედოს დინამიურად _ გამოიყენოს ნგრევა შენებისთვის, დამარცხება _ გამარჯვებისთვის, დააგროვოს ნგრევისა და დამარცხების ენერგია და გარდაქმნას იგი თვისობრივად პოტენციურ, აღმშენებლობით ენერგიაში.

ასეთ ვითარებაში ფერმკრთალდება ისეთი ძირითადი ცნება როგორიცაა პროფესია. ვინც ვერ შეძლებს პროფესიის შეცვლას, ფასეულობათა გადაფასებას, აღმოჩნდება მატერიალური და ზნეობრივი სიძნელეების წინაშე. ტვირთად იქცევა საზოგადოებისათვის. ამიტომაც მასობრივი განახლება სოფლებში, ქალაქებში აუცილებელი ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნებით _ გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოვლენაა.

 

მუხლი 31. ყოველი ადამიანი მოვალეა _ შეიგრძნოს სილამაზე, რომელიც ადამიანის მიერ მისი შეცნობისა და შეგრძნების გარეშე კარგავს ძალას, არსებობს მხოლოდ თავისთვის. სილამაზის შეცნობა ანთებს ადამიანის გულში იმ ნაპერწკალს, რომელიც განადიდებს მას. სილამაზის შეცნობა გადაარჩენს მსოფლიოს.

 

მუხლი 32. ყოველი ადამიანი მოვალეა _ სრულყოს ცხოვრება, დაამშვენოს იგი, შემატოს სილამაზე ყველაფერს, სადაც ეს შეუძლებელია _ ებრძოლოს სიმახინჯეს, გარდასახოს იგი და მიუახლოვოს სრულყოფილებას. განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ მასწავლებელზე _ მოძღვარზე, როგორც ადამიანისთვის სულიერი სილამაზის მიმნიჭებელზე. ნათქვამია: უბადრუკია ის ერი, რომლის მასწავლებელიც შეჭირვებულია.

 

მუხლი 33. მოვალეობის არმსრულებელ ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ იგი იმ ადამიანთა ერთობაში შედის, რომელიც მზად არის მიიღოს ნათლისა და ჭეშმარიტების მქადაგებლის მესია. მესიას ადამიანთა სულები მზადყოფნაში დახვდებიან მისი უწყების მისაღებად, და მზად იქნება ენაც, რომელიც შეძლებს გამოხატოს ახალი ჭეშმარიტება. იგი მიაგნებს მის მომლოდინე ერთობას, რომელიც დაძლევს დაბრკოლებებს მესიის გზაზე.

 

პოსტამბულა


 

ვინაიდან მოვალეობის აღმსრულებელ ადამიანთა ცნობიერების განვითარება გარდაუვალს ხდის ვალისა და მოვალეობის ცნების დახვეწასა და ამაღლებას, მესიის მოსვლასთან ერთად კი გამოცხადდება მოვალეობის ღვთაებრივი პრინციპები, ვაცხადებთ, რომ:
ადამიანის მოვალეობათა დეკლარაციის წარმოდგენილი პროექტი ღია დოკუმენტია... ღიაა მოვალეობის იდეის შესაბამისი ნორმებისა და პრინციპების უსასრულო სრულყოფისათვის.

კატეგორია: ოქროს საწმისი | დაამატა: yoga (29.10.2011)
ნანახია: 1040 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 stumari  
1
kargi proektia! sainteresoa axlandeli mtavroba ratom ar ikenebs mas?............

Имя *:
Email:
Код *: