მთავარი » სტატიები » სხვადასხვა РАЗНОЕ |
იგავი არამწველი ცეცხლის შესახებ
იგავი არამწველი ცეცხლის შესახებ და სთქვა იესომ: "არსებობს ცეცხლი რომელიც არ სწვავს! იგი ძალაა ჩემი მამისა" იყო ადამიანი. და იყო იგი კეთილი. მოიწადინა დახმარებოდა ადამიანებს რომლებიც უბედურებასა და სევდას, სიღარიბესა და სნეულებებს ვერ ერეოდნენ. ეძებდა ხერხს თუ როგორ დახმარებოდა მათ, _ მათი მძიმე და უსიხარულო ხვედრი რით შეეცვალა. და ვერადავერ პოულობდა ვერანაირ ხერხს თავისი სურვილის განხორციელებისათვის. შეიტყო იმ ადამიანმა, რომ არსებობს ცეცხლი რომელიც არ სწვავს. იგი კოცონის ცეცხლსა ჰგავს და განსხვავებულია მისგან, რამეთუ შეიცავს იგი არნახულ ძალას. ანთია ის ცეცხლი მზეზე მეტი ელვარებით და არაა მწველი. და რასაც მოისურვებ, _ იმ ცეცხლის ძალით სრულდება. და შეიტყო იმ კეთილმა ადამიანმა, რომ მოევლინა დედამიწას მასწავლებელი, ზეცის მამისაგან წარმოგზავნილი, რომელშიდაც ანთია ის ზეციური და არამწველი ცეცხლი. და რასაც ის მასწავლებელი იტყვის _ ისე იქნება. შეეხება უსინათლოს და ეტყვის "იხილე!" _ და აეხილება თვალები უსინათლოს... შეეხება ხეიბარს და იტყვის: "ადექი და იარე!" _ და ადგება ხეიბარი და იწყებს სვლას. არნახული ძალის მატარებელია იგი, _ აღადგენს მკვდრებს და კურნავს სნეულებს. ამ მასწავლებელმა სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოებანი იცის. და მამაზეციერის სახელით ქადაგებს იგი ცოდნას იმაზედ, თუ როგორაა მამისაგან მათთვის ნაანდერძევი ამ დედამიწაზედ არსებობა. და გადაწყვიტა იმ კეთილმა ადამიანმა, რომ უნდა მოძებნოს ის მასწავლებელი და ისწავლოს ის, თუ როგორ შეიძინოს არამწველი ცეცხლის ძლევამოსილება, რათა დახმარება გაუწიოს ტანჯულებს, ღარიბებსა და დავრდომილებს... დიდხანს იარა მან, _ წმინდა მიზანს მიჰყავდა იგი. იპოვა მან ის მასწავლებელი. დაინახა როგორ მოდიოდა მასწავლებელი და არამწველი ცეცხლი მოდიოდა მისით! დააკვირდა, თვალები დაახამხამა, _ თითქოს არც არაფერიაო. კიდევ ერთხელ შეხედა და კვლავ იხილა მასში ცეცხლი მამისა, ელვარე და არამწველი... სამოსი მასწავლებლისა, _ უბრალო იყო მეტად. სიტყვებსაც ფრიად უბრალოს ხმარობდა, თითქოს და უდიდესი მესია არ ყოფილიყო! და მხოლოდ სიყვარულის სინათლეს აფრქვევს იგი თავისი თვალებიდან. მეტად ხმადაბლა მეტყველებდა იგი, _ მისი სიტყვა ყოველი გულში ჟღერდა და სამუდამოდ რჩებოდა მეხსიერებაში. გაჰყვა კეთილი ადამიანი მესიას მრავალ თაყვანისმცემლაბთან ერთად. და ისმენდა მის ქადაგებას. ხედავდა როგორ კურნავდა იგი და მორჩენილთათვის დარიგებას იძლეოდა: "წადი და ნუღარ შესცოდავ ამიერიდან!" და ერთ დღეს გაბედა იმ კეთილმა ადამიანმა და სთხოვა მასწავლებელს ის არამწველი ცეცხლი, რათა მასაც შესძლებოდა ხეიბრების განკურნება, უსინათლოთა თვალის ახელა, მკვდრეთით გარდაცვლილთა აღდგომა და ამით ადამიანთა ტანჯვა გაენელებინა! პასუხად, მასწავლებლისგან, გაიგო სიტყვები:"აჰა _ ცეცხლი! აიღე!" მაგრამ ვერ აიღო მან, რამეთუ არ იცოდა, _ როგორ გაეკეთებინა ეს? და მაშინ დარჩა მასწავლებელთან და ზოგიერთ რჩეულთან ერთად გაჰყვა მას. და სწავლობდა. და არა ერთ დღესა და ერთ თვეს, არამედ წლების განმავლობაში სწავლობდა მისაგან... და გავიდა ხანი... და ხედავს ის კეთილი ადამიანი რომ არამწველი ცეცხლი ზღვა ყოფილა და მაინც ვერ შეძლო მისი აღება... და უთხრა მას მასწავლებელმა: მხოლოდ მას შეუძლიან ამ ცეცხლის ტარება, რომელიც თავად გახდება ცეცხლი! მხოლოდ ადამიანის გული ჩაიტევს არამწველ ამ ზღვა ცეცხლს! მხოლოდ ის გახდება ზეციური ცეცხლის მატარებელი ამ დედამიწაზე, რომელიც გარდაქმნას გაივლის! მხოლოდ იმისთვის კი არ ანთია ის ცეცხლი, რომ ადამიანები კურნოს, და სული სხეულს დაუბრუნოს... არამედ სასწაულებრივი განკურნებანი მამაზეციერის ძალების ნიშნები არიან იმისათვის, რომ იცოდნენ ადამიანებმა, თუ ვისი ცეცსლი ანთია მასში და ვისი ნება ქმნის მას! სხეულნი წარმავალნია! ისინი, იმ სამოსელსა ჰგვანან რომლებსაც სული იცმევს, როცა დედამიწაზე მოდის და პირიქით, იხდის სულის სამოსელს როცა სხეულის გარეშე სიცოცხლეს უბრუნდება... და კვლავ ახალი სხეულით იმოსება იგი და კვლავ ამ დედამიწაზე მოდის ისევდაისევ... და ასე ხდება მანამ, ვიდრე სამოსელის გარეშე სული არ გახდება იმდენად წმინდა და ლამაზი, რომ გახდეს ღირსი მამაზეციერის სასუფეველში შესასვლელად, რამეთუ მამის სინათლის მსგავსად სიყვარულის სინათლედ გარდაისახა! იმისათვის ანთია ცეცხლი არამწველი დედამიწაზე, რომ დაინახონ იგი ადამიანებმა და გარდაქმნა მოიწადინონ! იმისათვის ანთია მამის ცეცხლი, რომ შეიტყონ მათ ისიც, თუ როგორ ხდება ამგვარი გარდაქმნა: გულით სიყვარული ბადებს იმ სინათლეს, რომელიც გზაა მამისაკენ მიმავალი! და მიხვდა ის კეთილი ადამიანი, რომ არა სხეულები არამედ სულია სამკურნალო ადამიანებისა! რათა ვინც მამას ვერ ხედავს, _ თვალები აეხილოთ! რათა ვნებებითა და სიტყვებით სნეულნი, _ დაადგნენ სულით გარდაქმნის გზას და ზეცის მამას ეზიარონ! დიდხანს ასაზრდოებდა სიყვარულს, სიბრძნესა და ძალას ის კეთილი ადამიანი რათა მის გულსაც მისცემოდა უნარი არამწველი ცეცხლის შეძენისა და მისი ტარებისა! და აჰა, აღსრულდა ნანატრი, _ გავიდა ჟამი და გული იმ კეთილი ადამიანისა აღივსო ღვთის არამწველი ცეცხლით! ერთად ერთი ჭურჭელი ამ დედამიწაზედ, რომელშიდაც შეუძლიან ენთოს ღვთის არამწველ ცეცხლს, არის ადამიანის სულიერებით გარდაქმნილი და სიყვარულით აღვსილი გ უ ლ ი ! ! ! და დადიოდა ამიერიდან ის კეთილი ადამიანი ამ დედამიწაზე და მასში მასთან ერთად დადიოდა ღვთის არამწველი ცეცხლი, და ეძებდა იგი გულებს რომლებიც ისწავლიდნენ ამ ცეცხლის ტარებას და განამრავლებდნენ მას დედამიწაზე ადამიანთა მოდგმის სივრცეში!!! გავარდა ხმა ამა ქვეყნადა, _ რომ დადის მასწავლებელი დედამიწაზე ზეცის მამისაგან წარმოგზავნილი, იცის ამ მასწავლებელმა სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოებანი და ზეცის მამისაგან მოძღვრავს და განავრცობს ცოდნას იმაზე, თუ როგორ იცხოვროს მოდგმამ ადამისამ ამ დალოცვილ დედამიწაზე. მოციქული ანდრია პირველწოდებულისაგან
| |
ნანახია: 885 | |
სულ კომენტარები: 0 | |